18 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
საქართველოში ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების ფაქტს, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, უკრაინაში განვითარეებული მოვლენების მიზეზად, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევას ასახელებენ.

„პოლიტიკურ დევნაზე, რეპრესიაზე დამყარებული პოლიტიკური პროცესების მართვა არის საბოლოო ჯამში, შეუძლებელი და ასეთი რეჟიმები განიცდიან სერიოზულ მარცხს. რაც შეეხება საქართველოსთან ამ ყველაფრის დამოკიდებულებას, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პოლიტიკური დევნით, ასევე პოლიტიკური პატიმრებით და მან ახლაც ამ ეგზოტიკურ და სამართლებრივ დევნაშიც გამოიჩინა თავი, რაც საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხალხმა პეტრო პოროშენკოს კონსტიტუციის დარღვევა არ აპატია. ისინი განვითარებული მოვლენებიდან საქართველოს ხელისუფლებას სწორი დასკვნების გამოტანას ურჩევენ.

„ეს არის მაგალითი როგორ არ უნდა დაარღვიო კანონები. როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა და აუკრძალეს მას, როგორც უკრაინის მოქალაქეს შესვლა უკრაინაში და უგულებელყვეს უკრაინის კონსტიტუცია. ის, რაც მოხდა უკრაინაში, თუ ხელისუფლებამ დასკვნები არ გააკეთა საქართველოში, იგივე გაგრძელდება აქ,“ - აცხადებს პაატა დავითაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები