08 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომპრომისებს არ ელის

ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომპრომისებს არ ელის. დღეს, ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკერტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონსტიტუციის ახალ პროექტში ცვლილებები შევიდეს. მარკერტის განცხადებით, ეს ინფორმაცია მან ქართული მხარისგან მიიღო.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვნეციის კომისიის მიმართ სახელისუფლებო გუნდი უპატივცემულობას გამოხატავს და მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არც შიდა და არც საგარეო მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ აინტერესებს.

„ვენეციის კომისიის წარმომადგენელს აქვს სრულიად მცდარი წარმოდგენა დღევანდელი ხელისუფლების განწყობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის პროექტის თაობაზე. ჩვენ არ მოველით, რომ რეალურად დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, რომ რაიმე სერიოზულ კომპრომისზე წავიდეს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ცვლილებების დაშვებას მიესალმება, თუმცა, ამის რეალური მოლოდინი არ აქვს.

„ეს იქნება სასურველი და კარგი, თუკი შეიცვლება და იქნება პროპორციული სისტემა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და კიდევ სხვა საკითხები, რასაც ჩვენ ვაყენებდით. თუმცა, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა და ეს იქნება, ალბათ, კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო, არასწორი ინფორმაცია, რომელსაც აწვდის ხელისუფლება ვენეციის კომისიას,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები