22 მაისი 2024,   00:46
ვრცლად
„ქართული ოცნება“ მაფიოზურ კლანს აყალიბებს - ოპოზიცია მმართველი გუნდის კანდიდატებზე საუბრობს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არაკვალიფიციური კანდიდატების შერჩევაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა განცხადებით, მმართველი პარტია გუნდის დაკომპლექტებისას, მხოლოდ ნეპოტიზმით ხელმძღვანელობს.

„ეს არის ნეპოტისტური და კლანური მმართველობის დამკვიდრება თბილისელთათვის, ეს არის მაფიოზური კლანი, რომელსაც ბატონი კალაძე თბილისში დაამკვიდრებს და თბილისელებმა ამას უარი უნდა უთხრან. ეს აღარ არის უკვე "ქართული ოცნება", ეს არის კლანური მმართველობა,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.

ოპოზიციის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობას ნასამართლევი პირებიც მიიღებენ. „ენმ“-ის წევრები ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული დავით ნეფარიძის საქმეს იხსენებენ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, მათ არ სჭირდებათ კომპეტენტური ადამიანები, მათ სჭირდებათ კლანურად დაკომპლექტებული ხელისუფლება,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს „ენმ“-ის წევრი მარინა დათუკიშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებით, ამომრჩეველზე ზემოქმედებას ცდილობს.

„ჩვენ დღეს ვნახეთ მორიგი ცუდი პროვოკაცია და ჭორი, თითქოს ვიღაცა ბაჩო ახალაიას ციხის პირობებში მუშაობდა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი და ის ადამიანი, რომელიც ჩვენი სიის შემადგენლობაში არის, მანამ მუშაობდა იმ სისტემაში, ვიდრე იქ საერთოდ მივიდოდა ბაჩო ახალაია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ პროვოკაციას კიდევ ველოდებით, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოება როდესაც იგებს სიმართლეს, ის აბსოლუტურად ადეკვატურია და ჩვენ არჩევნებზე გვექნება ძალიან წარმატებული შედეგები,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები