08 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცენდენტო - ნათელაშვილი იუსტიციის მინისტრის მხრიდან წაყენებულ ბრალდებაზე

საქალაქო სასამართლო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სარჩელის განხილვა დასრულდა. იუსტიციის მინისტრი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ცილისმწამებლური განცხადებების გამო უჩივის. სასამართლო სხდომას თეა წულუკიანი არ დაესწრო.

საქმე ეხება შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობდა, რომ თეა წულუკიანმა ბინა სტრასბურგში, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ სარჩელის შეტანა მსოფლიოში უპრეცენდენტო შემთხვევაა.

„იმისთვის, რომ ადამიანმა და მინისტრმა გაასაჩივროს პოლიტიკური ღირსების და პატივის შელახვა, მას ასეთი ღირსება და პატივი უნდა ჰქონდეს... სასამართლოს იმედი ვის შეიძლება ჰქონდეს, რას ლაპარაკობთ. მაგრამ, ძალიან კარგია ეს ამ კორუმპირებული მინისტრების მხილებისთვის, მათი რეალური სახის წარმოსაჩენად, კიდევ ერთხელ საზოგადების და მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან მალე დაამთავრებს ამ სამარცხვინო, კორუმპირებულ რეჟიმს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად ორ ლარს მოითხოვს. პროცესს დღეს შალვა ნათელაშვილიც დაესწრო.

ადვოკატი მარინე ცუცქირიძე აცხადებს, რომ სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, არც მინისტრის მოსვლის თაობაზე. ადვოკატის თქმით, მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ თუ რამდენად დაზარალდა თეა წულუკიანი ოპოზიციონერი ლიდერის ამ განცხადებით.

მარინე ცუცქირიძე აცხადებს, რომ მომდევნო სხდომაზე მინისტრის სასამართლო პროცესებზე დასწრების შუამდგომლობას კიდევ დააყენებენ, რადგან შალვა ნათელაშვილს კითხვები თეა წულუკიანთან აქვს. 

დღის ამბები