20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
აქცია ზუგდიდში დაკავებებით დასრულდა - დაზარალებულები განმეორებით აქციებს აანონსებენ

ზუგდიდის მერიის წინ ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის აქცია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

ზუგდიდში მერიის წინ აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა შეიკრიბა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ადგილობრივებს აინტერესებდათ, რა კომპენსაციას მიიღებენ აზიური ფაროსანასგან განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დემოსნტანტების განცხადებით, აქციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მერიის წინ საავტომობილო გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, სადაც მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმის ორი ბრიგადა. 

ვითარება მერიის შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა და ენმ-ის წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

გუბერნატორის ნაცვლად მოსახლეობას გუბერნატორის წარმომადგენელი შეხვდა, თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე, კობა ქანთარია აცხადებს, რომ კომპენსაციის გადაცემა არ იგეგმება. ქანთარიას თქმით, კომპენსაციის საკითხის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, რაზეც აქციის მონაწილეებმა უპასუხეს, რომ სწორედ მათ უნდა დაეთვალათ ზარალი და ეს ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაეცათ.

აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა აქციის გამართვას კვლავ აანონსებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები