საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მხრივ პრობლემას მმართველი გუნდის წევრები აღიარებენ და საგანმანათლებო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე საუბრობენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ყოველგვარ ძალადობას საზოგადოება ნულოვანი ტოლერანტობით უნდა შეხვდეს.
„ეს არის შედეგი იმ სისტემისა, რომელშიც როგორც მშობლების, ასევე, პედაგოგთა მხრიდან არის მისაღები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნამდვილად ნულოვან ტოლერანტობას ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მან ასევე, განმარტა, რომ განათლების სამინისტროს და შსს-ს თანამშრომლობა არ უნდა გაიაზრონ, როგორც საპოლიციო რეჟიმის დანერგვა, არამედ ეს არის ბალანსი განათლების და უსაფრთხოების სამსახურების.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი გამოძიებასთან თანამშრობლობაზე უარის თქმას, საზოგადოების პრობლემად აღიქვამს.
„აუცილებელია, თანამშრომლობა გამოძიებასთან. ნებისმიერ პირის, რომელსაც შეუძლია გამოძიებისთვის დახმარება, იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და დანაშაულები,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება ვერ იქნება.
„მგონია, რომ პირველ რიგში, ეს განათლების თემა არის და პირველ რიგში, არის ისიც, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ოჯახების მიმართულებით ასევე მუშაობა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.