03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ფეხბურთში ქართველმა დეპუტატებმაც წააგეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უნგრეთის გუნდთან 5:1 წააგო.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის გუნდთან ქართველი დეპუტატები „არათანაბარ პირობებში“ აღმოჩნდნენ. როგორც ქართველი დეპუტატები ამბობენ უნგრეთის გუნდი ყოფილი ფეხბურთელებისგან იყო დაკომპლექტებული.

„უნგრეთის საფეხბურთო გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში ყოფილი პარლამენტის წევრებით, ერთ-ერთი ქალაქის მერით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჩამოვიდა. აღნიშნული ინფორმაციის გაგების შემდეგ ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა. თუმცა, ტურნირის ორგანიზატორების პატივისცემის გამო სათამაშო მოედანზე მაინც გავიდა,“ - სწერია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საპარლამენტო გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, გაიტანა.

ქართველი კანონმდებლები მესამე ადგილისთვის ხვალ პოლონეთის საფეხბურთო გუნდს ეთამაშებიან, რომელმაც, თავის მხრივ, თურქეთის გუნდთან 5:3 წააგო.

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირები თურქეთის რესპუბლიკაში რამდენიმე წელია, ტარდება. ქართული მხარე კი წელს პირველად ჩაერთო აღნიშნულ ასპარეზობაში.

დღის ამბები