20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ნანუაშვილი ლომჯარიამ შეცვალა - პოლიტიკოსები ომბუდსმენის მიუკერძოებლობის იმედს გამოთქვამენ

უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია დღეს ოფიციალურად ჩაანაცვლებს. ლომჯარია კანონმდებლებმა ერთი კვირის წინ, 96 ხმით აირჩიეს. ომბუდსმენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“.

„ომბუდსმენი უნდა იყოს პრინციპული, შეუპოვარი და გამბედავი. არანაირმა კონიუნქტურამ, ნაცნობობამ, დაქალ-ძმაკაცობამ ის არ უნდა გადაიყვანოს სიმართლის და პრინციპულობის გზიდან. ამიტომაც, ჩვენ გამოვუცხადეთ ამ კანდიდატს ნდობა, კრედიტი მივეცით ნდობის და მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის პრინციპული,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ნიკა რურუა.

„ევროპულმა საქართველომ“ სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ახალი ომბუდსმენი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ არ მოექცევა და ხელისუფლების მიმართ ობიექტური კრიტიკის გზას განაგრძობს.

„მის მწვავედ დასმულ პრობლემებს აუცილებლად მოჰყვება თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან და აუცილებლად უნდა იყოს მზად და უნდა გამოიჩინოს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის გრძნობა, ვინაიდან არ შეიძლება, რადგან ხელისუფლებამ ნდობა გამოუცხადა ან ხელისუფლებაში არიან მეგობრები თუ მოწინააღმდეგეები, ამაზე არ უნდა ააგოს მისი საომბუდსმენო საქმიანობა,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

ნინო ლომჯარია პარლამენტმა ომბუდსმენად 5 წლიანი ვადით აირჩია, მანამდე ის მთავარი აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს და ომბუდსმენის სამართლიანობის იმედს გამოთქვამს. 

„ჩვენ მისგან არ ველოდებით, რომ ის იქნება ხელისუფლების მიმართ ლოიალური. ჩვენ ველოდებით კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, ეს იყოს სუბიექტურიც კი, თუმცა ამ რისკების გათვალისწინებითაც, ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და აბსოლუტურად სწორი, საბოლოო ჯამში. ჩვენ ვისურვებდით, რომ მისი პოზიცია კრიტიკის მიუხედავად, იყოს სამართლიანი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები