03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
დავით ასათიანი მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური პროცესიდან გამოყვანას აუცილებლად მიიჩნევს

„დღეს ჩვენ გვაქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური პროცესიდან აღნიშნული პროცესი გადავიყვანოთ სამართლებრივ პროცესში და ადვოკატებმა ამაში გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ,” - ეს განცხადება დღეს უფლებადამცველმა დავით ასათიანმა გააკეთა.

დავით ასათიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად „ადვოკატთა ასოციაციამ” დაასახელა და კანდიდატურა განსახილველად პრეზიდენტს წარუდგინა.

ასათიანმა დღეს მედიას მართლმსაჯულების სისტემის განვითარების შესახებ მისი ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა მიუკერძოებელ, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ ადამიანებს უნდა გადაეცეს.

„მივცეთ შანსი მიუკერძოებელ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ინტერესები, განახორციელონ მართლმსაჯულება და დაიცვან მართლმსაჯულების ინტერესები,” - განაცხადა დავით ასათიანმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისთვის საჭირო აუცილებელ თვისებებზე განცხადება დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემაც  გააკეთა.

„მაღალი პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა ახასიათებდეს კანდიდატს. დღეს ქართულ მართლმსაჯულებას სჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული, მიუკერძოებელი და რომელიც შეძლებს ბოლომდე მიიყვანოს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ მიმავალი რეფორმა,” - განაცხადა საიას თავმჯდომარემ ანი ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები