საბავშვო ბაღების კვების სკანდალი პროკურატურის განცხადებით გრძელდება. უწყებამ ძიება ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.
მერიის შიდა აუდიტის დასკვნის თანახმად, ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად იქნა გაზრდილი მომსახურების ღირებულება შპს ,,ელფი“-ს სასარგებლოდ.
უწყება შპს „ელფის“ ხელმძღვანელობას სიცრუეში ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას.
უწყების განცხადებით, გამომძიებლებს წინასწარ ვერ ეცოდინებოდათ რა ტენდერში გეგმავდა მონაწილეობას კომპანია და საბოლოოდ ტენდერში მონაწილეობა კომპანიამ ისევ გამომძიებლების ხელშეწყობით შეძლო, რადგან გამომძიებლებმა ოფისიდან საამისოდ საჭირო დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა არ ამოიღეს.
პროკურატურის განცხადებას შპს "ელფის" ხელმძღვანელობა დღეს უპასუხებს.