21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
კახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს წევრებს და არასამთავრობოებს ხვდება

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ამ წუთებში პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა დუისის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია და აჰმედ ჩატაევის ჯგუფთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს ეხება.

გუშინ ხეობის უხუცესებმა სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი დაკავებულ ახალგაზრდებთან მიმართებაში სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

პანკისელი უხუცესები სპეცოპერაციის შესახებ პასუხებს ძალოვანი უწყებებისგან ითხოვენ. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვენ.

პანკისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩატარდა, რა დროსაც აჰმედ ჩატაევსა და მის ჯგუფთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, რის მიზეზადაც სუს-ში მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის შესაძლო გამოყენების ფაქტის თავიდან აცილებას ასახელებენ.

დღის ამბები