21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან სპეცრაზმელებს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე არ უსაუბრია

„არ ვიცი ეს ინფორმაცია, არც მასთან პირადად მისაუბრია და აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ,“ - ასე აფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ კურიერთან გაკეთებულ ახალ განცხადებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა კურიერთან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისმა უმცროსმა შვილმა გაიგონა, თუ როგორ ეჩხუბებოდა ერთი სპეცრაზმელი მეორეს გასროლის შემდეგ და როგორ ცდილობდა მისთვის იარაღის ჩამორთმევას.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელს შეეშინდა, როდესაც თემირლანის ხელში მობილური ტელეფონი დაინახა, რაც გასროლით დასრულდა.

მარიამ კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დეტალებზე, ჯერჯერობით, თემირლან მაჩალიკაშვილის უმცროს დასთან არ უსაუბრია და მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მოხდება.

„დაცვის მხარე აწარმოებს უკვე წინასწარ გამოკითხვას, რაც გადატანილი იქნება გამოკითხვის ოქმებზე. შესაბამისად, ვიდრე არ მექნება მოპოვებული მტკიცებულება ოფიციალურად, ვიდრე არ გავაკეთებთ გამოკითხვას, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, თუმცა, დღეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა, აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკის ნიშნები. 

ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკამ 19 წლის ახალგაზრდის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, უცნობია, როდისთვის გადაიყვანენ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ახალგაზრდას სამკურნალოდ. ექიმები საზღვარგარეთ პაციენტის გაყვანასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები