პანკისის სპეცოპერაციასთან და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა უმრავლესობაში. მმართველ გუნდში გამოძიების შედეგებს ელოდებიან. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს, პროკურატურა კი ცდილობს ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასეთ ვითარებაში პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას "უღირს საქციელს" უწოდებს.
„ჩემთვის პირადად, აბსოლუტურად გაუგებარია უაზრო პოლიტიკური სპეკულაციები. ვინც ამ ვითარებაში ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ეს არის ჩემთვის უღირსი საქციელი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა საქმე იყოს გამოძიებული ზედმიწევნით, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს და ჩვენ ყველამ ერთად, მარტო უსაფრთხოების სამსახურმა არა, საზოგადოების იმ ნაწილმაც უნდა გაითავისოს და ბოლო მოვლენებმა გვანახეს, რომ ამ გარკვეულმა ჩართულობამ, ჩვენი თანამოქალაქეების, სამწუხაროდ, მოიტანა ტრაგედია. სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. აქ გვჭირდება მეტი მობილიზაცია. ეს პოლიტიკური სპეკულაცია, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად გადის გონივრული ზღვრიდან,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამავე თემაზე ისაუბრა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ეკა ბესელიამაც, რომელიც ყურადღებას ტერორიზმის საფრთხეებზე ამახვილებს.
„თქვენ ხედავთ, რა მასშტაბებს იღებს დღეს თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოების კუთხით ტერორიზმის საფრთხეები. მას არ აქვს საზღვრები, არ აქვს არც ერთი დამცავი სისტემა და საქართველო, რომელიც განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოირჩევა და ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, რეგიონში ჩვენი გამოწვევები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს საფრთხის თვალსაზრისით, მინიმალიზირებული იყოს და პრევენციის ეტაპზე მოქმედებენ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.