18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
სააკაშვილის დაკითხვა უკრაინის უშიშროების სამსახურში დასრულებულია

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა უკრაინის უშიშროების სამსახურში დასრულდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობის დაფარვას ედავება. ის უწყებაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა 3 საათზე მეტს ხანს გაგრძელდა.

დაკითხვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესების მიზანი უკრაინის პოლიტიკიდან მისი ჩამოშორებაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალიდან რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს აანონსებს.

„უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ აქციებზე, მაგრამ პოლიტიკურ დემონსტრაციებზე უარის თქმას არ ვაპირებთ. მე დავიწყებ მთელი ქვეყნის მასშტაბით სიარულს, რომ შევკრიბოთ ახალი ხალხი, 300 სპარტანელივით, რომლებიც შეცვლიან ხელისუფლებას. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე და მათ შორის საყვარელიძე ჰყავთ უკვე 2 დღეა დაყოვნებული ლვოვში, იმისთვის, რომ გამოძებნონ ისეთი ბრალდება, რომ 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ, დერევინკოსაც რაღაც ბრალი წაუყენეს. ასევე უნდათ, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული, დააკავშირონ ჩემთან და 7 წლის წინანდელი ამბავი გაუხსენონ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიაროთ სასამართლო პროცესებზე, დაკითხვაზე და აღარ ვიფიქროთ პოლიტიკაზე. მაგრამ მე ვერ შემაჩერებენ, მე მაინც ვიმოძრავებ, მე მაინც მოვძებნი ხალხს, რომლებსაც სურთ ამ ხელისუფლების შეცვლა.
მათ ეს არ აწყობთ რადგან ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ჩემს თვალთვალში, რეგიონებში სიარულში, ჩვენს პოლიტიკურ დევნაში. სწორედ ამიტომ უნდათ ჩემი შინაპატიმრობა. განა იმისთვის, რომ საფრთხეს წარმოვადგენ ქუჩაში ვინმესთვის, არამედ იმისთვის, რომ ხალხს აღარ ვეკონტაქტო და აღარ ვიყო აქტიურად პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ მათი შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ჩვენს აქციებს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ავტორი: ზურა ხვისტანი.

დღის ამბები