23 იანვარი 2022,   10:51
ვრცლად
ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გასამართლებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ჩხვირკია პოლიტიკური პატიმარია და მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა.

„ირაკლი ჩხვირკიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური განაჩენი ვინაიდან არ შეიძლება მას ეწოდოს სხვა რამე იმ ფონზე, როდესაც ადამიანს ერთი სატელევიზიო კომენტარის გამო სვამ ციხეში. პრეზიდენტს ასამართლებ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების გამო, პარალელურად კი კორცხელის ზონდერები და სხვა უამრავი კრიმინალები თავისუფლები დადიან,“-განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კი ხაზს მუხლის გადაკვალიფიცირებას უსვამს. ანანიძე ამბობს, რომ ჯგუფური ორგანიზების ბრალდებაში გამართლებულები არიან ეს ადამიანები და ეს მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.

ბათუმის მოვლენების ჯგუფურ ორგანიზებაში ბრალდებულებს ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ და ისინი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი ჯგუფური ორგანიზების ნაწილში, თუმცა საბოლოოდ ჩხვირკიას და ღოღობერიძეს სასჯელის ზომად 1 წელი და 6 თვე განესაზღვრათ.

დღის ამბები