18 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები - სტიქიით მიყენებულ ზარალს დედაქალაქსა და რეგიონებში ჯერ კიდევ ითვლიან 

სტიქიით მიყენებულ ზარალს დედაქალაქსა და რეგიონებში ჯერ კიდევ ითვლიან. დაბა სურამისა და ხაშურის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა. ძლიერ ქარს წვიმა დაემატა და წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქარმა შენობებს სახურავები გადახადა. სოფლებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

მოსახლეობა ამბობს, რომ დიდი ზარალი სწორედ ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო მიადგათ.

შიდა ქართლში სტიქიის კიდევ ერთი ცენტრი ხაშური იყო, სადაც ათეულობით ოჯახი დაზარალდა.

სტიქიას ებრძოდნენ კახეთშიც. გურჯაანსა და თელავში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა, მათ შორის სამუსიკო სკოლასა და სტომატოლოგიურ კლინიკას. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე უბნის მოსახლეობა დაზარალდა თბილისშიც. ვაზიანში კორპუსის გადახდილი სახურავი ავტომობილს დაეცა და დააზიანა. დიდ დიღომში კი ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანდა მშენებარე სახლის ფასადიც. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საბურთალოს რაიონში რამდენიმე სახლსაც. 

უამინდობის გამო პარალიზებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები