20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ევროტური - ოპოზიციაში ხელისუფლების არაეფექტურ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი რესპუბლიკა სერბსკაში ვიზიტით იმყოფებოდა. ბოსნია და ჰერცოგვინას ავტონომიური წარმონაქმნის ცენტრალურმა ტელევიზიამ, ანატოლი ბიბილოვის სტუმრობა ვრცლად გააშუქა. ავტონომიური ოლქის სეპარატისტული იდეებით ცნობილმა პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა, რომელიც ვაშინგტონმა შავ სიაში ჩასვა და ანგარიშები გაუყინა, ბიბილოვს ადგილი საპატიო ლოჟაშიც დაუთმო.

ანატოლი ბიბილოვის ევროტური ბოსნია და ჰერგოცოვინას ავტონომიურ რესპუბლიკაში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან შეუფერხებლად დაიწყო. საქართველოს საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ოფიციალური სარაევო ბიბილოვის ჩასვლაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ოკუპირებული რეჟიმის პრეზიდენტის ვიზიტის შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა.

ანატოლი ბიბილოვი უკვე რამდენიმე თვეა  ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. რაზეც უმრავლესობას საუბარი არ სურს ან არ სჯერა, ღიად ლაპარაკობენ ოპოზიციაში. ყოფილი დიპლომატები ოფიციალური თბილისის არაეფექტურ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არ იცის რა დაუპირისპიროს მოსკოვის აგრესიულ დიპლომატიას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი რესპუბლიკა სერბსკაში უკრაინის გავლით ჩავიდა. ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში სამხედრო დახმარება ჩაიტანა და ოკუპირებული რეგიონი ისე დატოვა, რომ მეგობარი უკრაინიდან ოფიციალური თბილისისთვის განმარტებაც კი არავის გაუკეთებია, თუ როგორ აღმოჩნდა დონეცკში ანატოლი ბიბილოვი.

დღის ამბები