18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაშვებასთან დაკავშირებით, მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.

დღეს საკუთარი შეკითხვები და პრეტენზიები მათ მაუწყებლის მესვეურებს წერილობით ჩააბარეს და იმედი გამოთქვეს, რომ პასუხებს ისევე ოპერატიულად მიიღებენ, როგორც პოეტის დაკავების უხერხული ვიდეო მასალაგავიდა მაუწყებლის ეთერში.

მწერალ ლაშა ბუღაძის თქმით, აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორალური დანაშაული ჩაიდინა.

„ერთი არის პასუხისმგებლობის წილი საზოგადოებრივი მაუწყებლის და მეორე, არის პასუხისმგებლობის წილი პოლიციელების. პოლიციელების პროცესიც იქნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას თვალყურს მივადევნებთ. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობის მიეზღოს,“ - განაცხადა ბუღაძემ.

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა აღნიშნა, რომ მწერლები ბორდთან შეხვედრის დროს მენეჯმენტის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და მწერლების დასწრებას მოითხოვენ.

„ჩვენ ბორდმა გვთხოვა 3-5 დღის ვადა, რათა ეს პროცედურები დაეცვათ, პრინციპში ეს ვადა გავიდა უკვე, ამოიწურა გუშინ. ველოდებით პასუხს, ველოდებით რეაგირებას,“ - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

შსს-სგან გამოთხოვილი ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გაასაჯაროვა.

ზვიად რატიანს ბრალდების მხარე ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

სასამართლომ ზვიად რატიანს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დღის ამბები