03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ალენ დელონი საქართველოში

ალენ დელონი საქართველოშია. მსახიობი დღეს დილით ჩამოფრინდა და ჟურნალისტებს უკვე შეხვდა. 

ხვალ კი პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამოს გაუძღვება. ის სახელოვნებო ინდუსტრია „არტ პალასს” ამ შეთავაზებაზე  მალევე დათანხმდა.

„მე პაატას ვიცნობდი. ვიცი მისი შემოქმედება. როდესაც შემომთავაზეს საქართველოში სტუმრობა, მაშინვე დავთანხმდი. მიყვარს საოპერო ხელოვნება. დიდი ხნის წინ ლუკინო ვისკონტის დახმარებით აღმოვაჩინე და მას შემდეგ ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს ოპერა. ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს და მიხარია, რომ აქ ვარ,” - თქვა ალენ დელონმა.

კინოვარსკვლავმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ აქამდე არაფერი იცოდა. მან ქართველებს უსაყვედურა კიდეც, აქამდე რომ არ დაპატიჟეს.

მან ჟურნალისტებთან გულახდილად ილაპარაკა საყვარელ რეჟისორებზე, ფილმებსა და სასიყვარულო ურთიერთობებზე.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ის პაატა ბურჭულაძესთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა.

ხვალ კი სპორტის სასახლეში, სპეციალურად აწყობილ მასშტაბური სცენიდან ალენ დელონი საზოგადოებას პიანისტ დათუნა ალადაშვილთან ერთად მიესალმება.

ქართველი საოპერო ვარსკვლავის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოში მსოფლიოში აღიარებული არტისტები შეიკრიბნენ. თამარ ივერი, თეონა დვალი, ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე და კიდევ სხვა ვარსკვლავები ცნობილ არიებს შეასრულებენ.

კონცერტს მუსიკალურ აკომპანირებას ორი ორკესტრი გაუწევს, ჯან ლუკა მარჩიანოს და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. 

ქართველი ბანის იუბილის აღსანიშნავად მისი თაყვანისმცემლები და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ხვალ სპორტის სასახლეში 7 საათზე შეიკრიბებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები