03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
ISFED თვითმმართველობებში გასაუბრების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებამ" საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის თანამშრომელთა ატესტაციის მონიტორინგის შედეგების შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პროცესი მეტწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ.

თუმცა 8 თვითმმართველ ერთეულში გასაუბრებების დროს გამოიკვეთა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოება და პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარი მიდგომა.

ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზემოქმედების რამდენიმე ფაქტიც.

ეს რაიონებია ახმეტის, ცაგერის, ხულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტები, სადაც კომისიის წევრების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მიდგომის შემთხვევები გამოვლინდა.

"კომისიის წევრების მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება დადასტურდა ქედის თვითმმართველ ერთეულში. პოლიტიკური ნიშნით კონკურსანტების მიმართ ზემოქმედება გამოვლინდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წევრებზე გორის მუნიციპალიტეტში და „რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. პოლიტიკური ნიშნით კადრების დანიშვნის შემთხვევები გამოიკვეთა კასპის მუნიციპალიტეტშიც," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

დღის ამბები