18 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
წარსულს უარესს გავუხსენებ... - კომპანია RMG-თან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

დმანისში კომპანია RMG-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მხარეებმა გარემოზე ზემოქმედების ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა შეიმუშავა.

შეხვედრას გარემოს დამცველი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაირკვა, რომ კომპანია ოქროს მოპოვების არეალის გაზრდას გეგმავს, რასაც სხდომის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე, დაინტერესდა, იცნობდა თუ არა კომპანიის დირექტორის მოადგილე კვლევას, რომელიც RMG-ის საქმიანობას ეხებოდა.

„ნუთუ, არ დაგაინტერესათ, როდესაც ამხელა კვლევა დაიდო, რომელმაც, ფაქტობრივად, იმიჯი შეგილახათ, არ უნდა მიხვიდეთ და არ უნდა იკითხოთ, რა მეთოდებით ჩატარდა ეს კვლევა, რა იყო საფუძველი? თქვენ არ ხართ პატრიოტთა ბანაკებში და ნაციონალებში ადრე რომ იყავით, რაა... წარსულს უარესს გავუხსენებ,“ - მიმართა ნინო ბურჭულაძემ RMG-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილეს, ამირან ქართველიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, დაინტერესდა, რატომ არ მიმართა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა კომპანიას და არ გაითხოვა არსებული სინჯები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოსდამცველებმა და პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომ მათ კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს კომპანიისგან.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ 2016 წლიდან არის დადებული დასკვნა, რომ არის უამრავი დარღვევა. ამ დარღვევების გამოსწორებაზე არანაირი ფაქტი არ მიუთითებს. არ არსებობს შემდეგი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ აღარ არსებობს  დარღვევები. ამას ადასტურებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრეები იყვენენ აქ და მათაც ჰქონდათ შენიშვნები,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

თავად კომპანიის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ არეალის გაფართოებით შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

"ჩვენი მიზანი არის ის, რომ  არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ იჯარით უნდა აიღოს, მოვახდინოთ სამრეწველო მოედნის მოცულობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონულ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას და ადამიანების კეთილდღეობას,“ - განაცხადა RMG-ის კორპორატიული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა.

დღის ამბები