დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის საპარლამენტო დებიუტი დახურულ ფორმატში 3 საათს გაგრძელდა. დავით სუჯაშვილმა ქვეყნის მთავარი საფრთხე ჯერ დეპუტატებთან, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან დაასახელა, თუმცა, მოხსენების სხვა დეტალები ისევ საიდუმლოდ დარჩა.
ქვეყნის მთავარი საფრთხეების შესახებ მოხსენების შემდეგ, ოპოზიცია აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებებს ელოდება.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარეს. ენმ გიორგი გახარიას წერილობით მიმართვას უახლოეს დღეებში გაუგზავნის.
ევროპული საქართველო კი აღმასრულებელ ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ურჩევს.
ოპოზიციის წევრები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ხელისუფლების არასაკმარისი კოორდინაციაზე მიუთითებენ.
პატრიოტთა ალიანსის წევრებმა კი საქართველოს მთავარ მტრად ის ქვეყანა გამოცხადეს, რომელიც დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა პატრიოტთა ალიანსის ამ მოსაზრებას 3-საათიანი დახურული შეხვედრის ყველაზე ხმაურიანი მონაკვეთი. ადა მარშანიამ ხმამაღალი და ემოციური გამოსვლის დეტალებზე დარბაზის გარეთ საუბარი აღარ ისურვა.