უბედური შემთხვევის შემდეგ 56-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. თითქმის 20- დღიანი ბრძოლის მიუხედავად, მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბაღში, სადაც ბავშვი დადიოდა, ჩუტყვავილას სიმპტომები კიდევ რამდენიმე მცირეწლოვანს აღენიშნება. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩუტყვავილას ვირუსის გავრცელებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბავშვი ამ მწვავე ვირუსული დაავადებით გარდაიცვალა.
ჩუტყვავილაზე ბავშვების აცრა სავალდებულო არ არის და ის არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. ვაქცინა მხოლოდ კერძო კომპანიებს შემოაქვთ.
ჩუტყვავილაზე უფრო მეტად, ექიმები წითელას ინფექციის აფეთქებამ შეაშინა. ვირუსული დაავადებით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეულს უკვე აღწევს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. თუმცა, დაავადების ფორმა მსუბუქია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის წითელას ვირუსით - 1, ხოლო ჩუტყვავილათი დაავადებული 3 პაციენტია მოთავსებული. 4-ვე მათგანი ზრდასრულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ინფექციური დაავადებები ქვეყანაში გაიზარდა.