პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე, განმარტებებს აკეთებს, თუ რატომ მთავრდება იუსტიციის საბჭოს სხდომები ხმაურით, რომელიც ძირითადად მას უკავშირდება.
ანა დოლიძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილი ცდილობს, საკითხებს, რომელსაც ის აყენებს, პიროვნულ ჭრილში გადაიტანონ.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ წყალგამყოფზე. ან შედგება ჩვენი სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება ავტორიტეტული, ანუ მას არ დასჭირდება ძალადობა, არამედ იქნება დაყრდნობილი მოსამართლის ავტორიტეტზე. ანუ მე და თქვენ გავარჩევთ საქმეს სასამართლოში და ვენდობით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს იმიტომ, რომ ვენდობით მოსამართლეს, მშვიდად წავალთ სახლში, ან ამ სასამართლოს მორალური ავტორიტეტი არ ექნება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთოს საბჭომ, რომ სასამართლო ასეთი ინსტიტუტი გახდეს.
რაც შეეხება ფორმას, რომლითაც ანა დოლიძე გამოხატავს მის პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები მას არ გაუკეთებია და მაშინ, როდესაც მან ახსენა „ადეიშვილის ნარჩენები“, მოსამართლეებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, მიეღოთ მისი ეს განცხადება თავის თავზე ან არა.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის სწორედ ეს განცხადება იყო მიზეზი, რის გამოც, უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის კონკურსზე კანდიდატებმა მისი აცილება მოითხოვა.