ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული, არჩევანის ეთერში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხმაურება.
„უვადოდ დანიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია, თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უვადო დანიშვნის გამოყენება შეფასების და შესაბამისი პროცედურის გარეშე არის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველი. ამიტომ ვითხოვდით, რომ უვადოდ დანიშვნების პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და სამწუხაროდ, ის ტენდენცია, რომელიც ბოლო გასაუბრებების დროს გამოჩნდა, რომ მოსამართლეთა უფრო დიდი ნაწილი ხურავს გასაუბრებებს, ვიდრე ეს წინა პროცესებზე იყო, ეს არის ძალიან სამწუხარო,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
სოფო ვერძეული განმარტავს, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები რეპუტაციით და კომპეტენციით გამორჩეულები უნდა იყვნენ.
ვერძეულის თქმით, საბჭოს წევრები რიგ შემთხვევებში ვერ ასაბუთებენ მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობის მიმართ უვადოდ დანიშვნასთან დაკავშრებით უარის თქმას.
„ამ ნაწილშიც საკმაოდ დიდია რისკი თვითნებობის ან ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტის არასწორი გამოყენების,“ - აცხადებს ვერძეული.
სოფო ვერძეული სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების როლზეც საუბრობს, მაგალითად კი საკანონმდებლო ნაბიჯებს ასახელებს.
„ეს პრობლემა გაცილებით ფართოა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცდომების თუ განზრახ გადადგმული ნაბიჯების შედეგებიც იკვეთება, თუმცა, სასამართლო ხელისუფლებას აქვს ეს არაჯანსაღი ინტერესი, რაღაც ერთგვარი ამბიცია, რომ ყველა შემთხვევაში ის მშრალად უნდა გამოვიდეს წყლიდან, არ უნდა მიიღოს არანაირი კრიტიკა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.