ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მართლმსაჯულების პროექტის მენეჯერი, ეკა ციმაკურიძე, არჩევანის ეთერში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხმაურება.
ეკა ციმაკურიძის თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე იკვეთება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ერთსულოვნები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში.
„განხილვის საგანია მოსამართლეების დანიშვნის პრობლემა გარიგებების გზით და არა საბჭოზე საჯაროდ განხილვის პროცესში რეალური მსჯელობის საფუძველზე საქმეთა განაწილების პრობლემა, მოსამართლეთა დისციპლინირების სისტემის ფაქტობრივად უმოქმედო სისტემა,“ - განაცხადა ციმაკურიძემ.
ციმაკურიძე საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებას აფასებს, რომ, თითქოს, ანა დოლიძე ცდილობს, საბჭოს საქმიანობა შიგნიდან აფეთქებას და აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა არასწორია, რადგან საია ამ პრობლემებზე მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას.
„არამოსამართლე წევრების პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალია, ისინი იქ წარმოდგენილები არიან, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები და მიუხედავად ამისა, დანარჩენი არამოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, გაჩუმებულები არიან საბჭოს სხდომაზე, ეს არის მუშაობის საბჭოური მეთოდი, როდესაც უბრალოდ, ასე ვთქვათ, ხელის ამწევები არიან საბჭოში და კენჭისყრის პროცესში არიან ჩართულები. დანარჩენ შემთხვევაში არათუ კრიტიკული აზრი, არამედ აზრსაც კი არ გამოხატავენ. ეს, უბრალოდ, მიუღებელია ასეთი მუშაობის ფორმატი,“ - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.