ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
ნუგზარ თინიკაშვილმა არაადამიანური უწოდა ბიბილოვის განცხადებას და განაცხადა, რომ ეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან შურისძიებაა.
ბიბილოვმა დღეს განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას ერთი თვე სჭირდება და ცხედრის გადმოცემა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
„ამ დილას შევიდა ევროკავშირის წარმომადგენლები ცხინვალში და როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაიარა მცდელობამ რომ მომხდარიყო დღეს გვამის გადმოცემა. ჩვენ გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
ეს არის უბრალოდ არაადამიანური დამოკიდებულება შურისძიება,“- განაცხადა თინიკაშვილმა.
წილკანში, ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ჩავიდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ცხედრის გადმოსვენება კვირის ბოლომდე აუცილებლად მოხდება.