სოფელ ხუცუბანში დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოლომონ ბაჯელიძე და რეზო ხარაზი, ამ დრომდე ქობულეთის პოლიციაში რჩებიან. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც პარტიის წევრებთან ერთად, სოფელ ხუცუბანში გზა გადაკეტეს და ბიძინა ივანიშვილის რჩეული ხის გადატანით სამუშაოებს ხელი შეუშალეს.
ადგილზე სიტუაცია დილიდანვე დაიძაბა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, რომ არ გაეტარებინათ ქობულეთიდან შეკვეთილის მიმართულებით ასწლოვანი ევკალიპტი, რასაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარტიის წევრები ევკალიპტის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. ერთ ერთი ადგილობრივი ასწლოვან ხეზე ავიდა და ამ გზით შეეცადა, ხის ტრანსპორტირებისთვის ხელი შეეშალა
აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ენმ-ს ორი წევრი კი დააკავა.
„აბსურდის თეატრია. ხალხმა წლების განმავლობაში აქ საუკუნეების წინ დარგეს ეს ყველაფერი და გააკეთეს ყველაფერი , რომ აქ ის პრობლემები არ ყოფილიყო არც იყო. მაგრამ დღეს ახლა მაკავებენ. ამ ბიჭებთან რა მინდა, მე პოლიციელებს არაფერს ვერჩი... მე მესმის გამგეობის თანამშრომლები არიან ჩართული და ყველას მოუწევს ამაზე პასუხისგება,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა რევაზ ხარაზმა.
ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირების გამო მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ქობულეთი. გადაიკეთა საავტომობილო მოძრაობა, ამიტომ ადგილობრივებს გადაადგილება შემოვლითი გზებით უწევდათ. ასევე, დილიდან ქობულეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ხის ტრანსპორტირების გამო დროებით ჩაიხსნა ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე