20 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - გედევან ფოფხაძესთან ერთად გუნდი შესაძლოა, კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს

„ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძესთან ერთად შესაძლოა, კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს, მათ შორის ერთ-ერთი ზაზა პაპუაშვილი იქნება. „კურიერის“ წყარო „ქართული ოცნებიდან“ ყვება, რომ დეპუტატების ამ ჯგუფს კონფლიქტი პარლამენტის თავმჯდომარესთან აქვს.

კონფლიქტი მმართველ პარტიაში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერამ გამოიწვია. გედევან ფოფხაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა იმ 36 კოლეგის პოზიცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ე.წ. ახლების გუნდს წარმოადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკმაყოფილო დეპუტატებს რადიკალური მოთხოვნები აქვთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ ახლების გუნდის ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც.

36 დეპუტატს შორის, ვინც კაკაბაძეს ხმა მისცა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და კონსერვატორების ლიდერი, ზვიად ძიძიგური არიან.

ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ხმა „ქართული ოცნების“ 12-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის ბიძინა გეგიძემ, კობა კობალაძემ და გუგული მაღრაძე. მათთვის გედევან ფოფხაძის არგუმენტები მისაღები იყო. მმართველი გუნდის ნაწილი კი გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს.

გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურად პარლამენტისთვის არ მიუმართავს. მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ ფოფხაძეს წასვლას გადააფიქრებინებს. 

გუნდის დატოვების შემდეგ პირველი შემოთავაზება ფოფხაძემ „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიიღო. მას ადა მარშანია ფრაქციაში ეპატიჟება.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურა „ევროპულმა საქართველომ“ მეორედ დააყენა, წინა სასესიო კვირაში მმართველმა გუნდმა ეს საკითხი ჩააგდო.

დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრებოდა, თუმცა პარტია ნინია კაკაბაძე მხარს უჭერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები