კურიერმა მატროსოვის ციხეში სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს დაძაბულობა, რომელიც 7 ივლისს განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების ციხეში იყო.
ვიდეოკადრების მიხედვით, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე ციხის თანამშრომლებს ეჩხუბება. მის დამშვიდებას ციხის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდენ.
ინციდენტი ე.წ. მატროსოვის ციხეში 7 ივლისს, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა.
ცააძეს მასთან საკანში დაბრუნებულმა მეგობარმა - ირაკლი ფირცხალავამ, უამბო, რომ ტელეფონზე ოჯახთან დასარეკად საკნიდან გასული მოულოდნელად სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა. კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ამტკიცებდა, რომ მის დაკითხვას მოსამართლე და პროკურორი ზეწოლით და ფიზიკური შეურაცხყოფით ცდილობდნენ. დაკითხვა საბოლოოდ ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა.
მოახდინეს თუ არა თუ ზეწოლა მსჯავრდებულზე მოსამართლე ვეფხია ლომიძემ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ და გამომძიებელმა ბექა კოპალიანმა - გამოძიება ამ საქმეზე პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ირაკლი ფირცხალავას განცხადების საფუძველზე დაიწყო, თუმცა, რამდენიმეკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროკურატურამ მომხდარში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება შეწყვიტა.
ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, ციხეში ვითარება მაშინ იძაბება, როდესაც მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი ე. წ. მატროსოვი ციხის დერეფანში ჩნდებიან, ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ოთახში შედიან, სადაც ირაკლი ფირცხალავას მოწმის სტატუსით დაკითხვა უნდა მოხდეს. ოთახში რამდენიმე წუთში საბადრაგო სამსახურს ირაკლი ფირცხალავა შეჰყავს. დაახლოებით 20 წუთში კი, დასაკითხ ოთახში ექიმებს იძახებენ.
ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკითხვაზე უარს აცხადებდა. ასევე, პროცესს მისი ადვოკატი არ ესწრებოდა, მოსამართლე და პროკურორი კი მას ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას.
საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი ფირცხალავამ გონება დაკარგა და რამდენიმე წამით გაითიშა.
ფირცხალავას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის გამო მოხდა.
პროკურორი ამტკიცებს, რომ ბრალდებულს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა, კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ დაკითხვის ოთახიდან საკანში დაბრუნებულ ირაკლი ფირცხალავას სამედიცინო დახმარება განმეორებით დასჭირდა, მასთან ციხის ექიმები შედიან, სამედიცინო დახმარების პროცესშია ჩართული ადმინისტრაციაც.
ირაკლი ფირცხალავას ადვოკატებმა მოსამართლის მიერ მოწმეზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართეს, უახლოს მომავალში კი სარჩელს ევროსასამართლოში შეიტანენ.