შეტევა სამოქალაქო სექტორზე - ასე აფასებენ არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც Freedom House-ის ანგარიშზე საუბრისას ორგანიზაციები არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
სამოქალაქო სექტორის თქმით, ხელისუფლება თვალს ხუჭავს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე, საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკაზე და Freedom House-ის შენიშვნებს მხოლოდ საპასუხო ბრალდებებს უპირისპირებს.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობაზე საუბრობს.
„ნაცვლად იმისა, რომ გაანალიზებულიყო ის პრობლემები, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი. მივიღეთ თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე, ასეთი დისკურსით გამოირჩევიან მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნები, თავისთავად, პრობლემურია ის, რომ ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას არ უყურებს როგორც თავის პარტნიორს. ქვეყანაში არსებული სიტუაციის ყველაზე კარგი შემფასებლები ვართ ჩვენ, მოქალაქეები, განა არ ვიცით, რომ იყო პრობლემა „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განა სხვა მედიასაშუალებები არ ალაპარაკდნენ ასევე ზეწოლაზე. მოცემულ შემთხვევაში მცდელობა ჰქონდა, რომ ყურადღება გადატანილიყო იმ დაპირისპირებიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტშია,“- განაცხადა იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძეც მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი Freedom House-ის გაკრიტიკებით ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების საკითხი გადაფაროს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისთვის პოზიტივის მომტანი არ იქნება.
„საქართველოს სამოქალაქო სექტორი საკმაოდ განვითარებულია, უმჯობესი იქნება, რომ ჩვენზე შეტევას მან კონკრეტული კითხვები დაუსვას აღმასრულებელ ხელისუფლებას,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.