„ქართულმა ოცნებამ“ ბუნებრივი სახე დაიბრუნა - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ძველი წევრები, ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას პოლიტიკაში. მათ იმედი აქვთ, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზიას ახლა ვეღარავინ გაბედავს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი, დავით ჭიჭინაძე ივანიშვილის დაბრუნებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„ყველაზე მთავარი სახე დაბრუნდა „ქართულ ოცნებაში“ პირველ სახედ და ეს არის მისასალმებელი. „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა თავისი ბუნებრივი სახე. უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც დააკისრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ერთობლივად ავიღებთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით როცა იღებ, მეტი რიჩაგიც გიჩნდება ამ ქვეყანაში და მეტი პასუხისმგებლობაც,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი, შოთა შალელაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საქმიანობას განსაზღვრავს და იმედოვნებს, რომ ყოფილ პრემიერს უფრო მეტი აქტიურობა არ დასჭირდება სიტუაციის დასალაგებლად.
„ბატონი ბიძინა დააბრუნა საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მიცემულმა დაპირებამ, თუ ის დასჭირდებოდა ჩვენს ხალხს, დაბრუნდებოდა და დაბრუნდა. შეასრულა პირობა, გვახსოვს ჩვენ მისი დანაპირები, რომ მე არსად არ წავსულვარ, მე აქ ვარ და თუ მე დავჭირდები ჩემს ხალხ, დავბრუნდები და გადაწყვეტა და ვფიქრობ, რომ სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიძინამ,“ - განაცხადა შალელაშვილმა.