ფოთში საყოფაცხოვრებო ქიმიით მოწამლული ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვებს დამწვარი აქვთ შინაგანი ორგანოები.
ორივე არასრულწლოვანმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, კანალიზაციის გამწმენდი ქიმიური საშუალება მაღაზიაში, როგორ ტკბილეული ისე იყიდა და მიიღო. ორივე დაშავებული იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება ადგენს, როგორ მოხვდა მათ ხელში საშიში ქიმიური ნივთიერება. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკის თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურებმა უკვე გამოკითხეს.
იაშვილის ექიმის, ოთარ რუსაძის თქმით, ორივე პაციენტმა ე.წ. კროტი მიიღო, რომელმაც მათი საყლაპავი დააზიანა. დამწვრობის ხარისხს უახლოეს დღეებში დაადგენენ და დამწვრობის ხარისხის დადგენის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის გზები.
ექიმის თქმით, 5 წლის გოგონას მდგომარეობა გაცილებით საყურადღებოა და დამწვრობის ხარისხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ორშაბათს დაადგენენ.
„იაშვილის კლინიკას მომართა ორმა პაციენტმა, ერთი შემოვიდა გუშინ, რომელიც გადმოიყვანეს ცხაკაიას სახელობის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურმა და მეორე პაციენტი შემოვიდა დღეს თვითდინებით. დღევანდელი პაციენტი შემოვიდა ფოთიდან, ეს არის 9 წლის ვაჟი, გუშინდელი პაციენტი 5 წლის გოგონა არის. ბავშვებმა შეცდომით შუშხუნა კანფეტის ნაცვლად პირში ჩაიყარეს კროტის პაკეტი, რომელიც იწვევს ლორწოვანის დამწვრობას. გუშინდელი პაციენტი უფრო შედარებით, საყურადღებოა, აღენიშნება ჭარბი ნერწყვდენა, ნაყლაპის გაძნელება,“ - განაცხადა ოთაარ რუსაძემ.