ბოლო 3 თვეში ავარიით 107 ადამიანი დაიღუპა - სტატისტიკის მიხედვით მომეტებულია, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, ასევე, დაშავებულთა რაოდენობაც. დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენლებს ბოლო მონაცემები არ წარუდგენიათ. მათ 2016-2017 წლის მონაცემები წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილთა რაოდენობა 11%-ით, ავარიების რიცხვი კი 15%-ით არის შემცირებული.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ სტატისტიკის მკვეთრად შემცირება, გასულ წელს ქვეყანაში გატარებულმა რეფორმამ გამოიწვია, თუმცა რატომ არ გაგრძელდა სტატისტიკის კლება 2018 წელს, ამის ანალიზს მხოლოდ წლის ბოლოს შეძლებენ.
შსს-ში აღიარებენ, რომ გატარებული რეფორმების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები, გარდაცვლილთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობა რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემებია.
სტატისტიკამ აჩვენა რომ გაზრდილია 16 წლამდე მოზარდების გარდაცვალების შემთხვევები. 2016 წელს 17 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 11 მგზავრი იყო, 9 კი ქვეითად მოსიარულე, 2017 წელს მათი რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ და ბავშვთა უსაფრთხოებისთვის ავტომობილის უკანა სავარძლებზეც ღვედების დაკანონებას ითხოვენ.
„ქულათა სისტემის ერთჯერადი ეფექტი“ - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები რეფორმის შემდეგ ავარიის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებას.
როგორ შეიცვლება კანონი საგზაო უსაფრთხოების შესახებ და შეამცირებს თუ არა რეფორმა ავარიის დროს გარდაცვლილთა რაოდენობას, ამ საკითხზე დღეს პარლამენტის წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.
ავტორი: თაკო სურგულაძე.