ნახევარ მილიონ ადამიანს საქართველოში ბანკიდან სესხების აღება გაურთულდა. ტექნიკის მაღაზიები გაყიდვების შემცირების მოლოდინში არიან. უკვე მესამე დღეა, სავაჭრო ცენტრები ტექნიკას ბანკებში შემოღებული ახალი რეგულაციების პირობებში ყიდიან.
„ტექნობუმში“ ამბობენ, რომ მათი გაყიდვების 60 პროცენტი სწორედ განვადებაზე მოდის, ამიტომ ვარაუდობენ, რომ სესხის გაცემა გამკაცრებული წესები ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის. გაყიდვების შემცირებას ელოდებიან სამშენებლო კომპანიებიც.
შეზღუდვა ეხებათ მათაც, ვისი შემოსავალიც დადასტურებულია. მაგალითად, თუ მოქალაქის ხელფასი 500 ლარია, ბანკში ყოველთვიური შენატანი 75 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 500-დან ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის ეს ლიმიტი 200 ლარია. ეროვნული ბანკს გამკაცრებული რეგულაციების გამო აკრიტიკებს ბიზნესომბუდსმენი.
სესხებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მცირდება, რადგან შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხად გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს. სპეციალისტები ამბობენ, რომ რეგულაციის დაწესება ნაადრევია და ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო.
ეროვნულ ბანკში რეგულაციების შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობით ხსნიან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დასაქმებულად მილიონ 760 ათასი ადამიანი ითვლება, აქედან საშემოსავლო გადასახადი 2017 წელს მხოლოდ მილიონ 180 ათასმა გადაიხადა. გამოდის, რომ ქვეყანაში არის ნახევარი მილიონი დასაქმებული ადამიანია, რომელსაც ოფიციალურად ამის დადასტურება არ შეუძლია, განვადებისა და სამომხმარებლო სესხის აღება სწორედ ამ მოქალაქეებისთვის გართულდა.