21 დეკემბერი 2024,   18:14
ვრცლად
ხდება ამ ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, ცდილობენ გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში - კახა კალაძე აქციას ეხმაურება 

თბილისის მერი, კახა კალაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ კონკრეტული ძალები ცდილობენ ქვეყანაში არეულობის გამოწვევას, რის უფლებასაც ხელისუფლება არ მისცემს.

„ხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მხრიდან ხდება ამ თემით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა, ამ ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, ცდილობენ, გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში. იმ პირებს, იმ ძალებს, ვისაც სურთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, არეულობა შემოიტანონ, ამის უფლებას არავის არ მივცემთ. ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერი ასევე, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომელმაც გუშინ, თანამდებობა დატოვა. კახა კალაძის თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორი და კაცური ნაბიჯია შოთაძის მხრიდან.

„გენერალური პროკურორის გადადგომა, მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი, კაცური ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ როგორც კი გაჩნდა კითხვები, მაშინვე მან მიიღო ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.

აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ზაზა სარალიძეს სოლიდარობა მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გამოუცხადა.

დღის ამბები