21 დეკემბერი 2024,   18:30
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა სპორტსმენებს შორის - ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით ძიუდოისტები დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა სპორტსმენებს შორის აღმაშენებლის გამზირზე შუაღამეს მოხდა. ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა ცეცხლი იმ ძიუდოისტებს გაუხსნეს, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ.

სროლის შემდეგ მარჯანიშვილის მოედანზე დააკავეს 4 ადამიანი, მათ შორის, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი, ლომერ ჟორჟოლიანი.

„კურიერის“ ინფორმაციით, სწორედ მან ესროლა ჯერ ავთანდილ ჭრიკიშვილს, შემდეგ კი სოსო წელაურს. დღეს გამთენიისას ვითარება აღმაშენებლის გამზირზე იმდენად დაძაბული იყო, რომ დაპირისპირების დროს, მოჩხუბართა დასაწყნარებლად, რამდენჯერმე პოლიციამაც გაისროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის დროს აღმაშენებელზე დავით ქევხიშვილიც იყო, თუმცა მან ტერიტორია მალევე დატოვა. ადგილიდან მიიმალა ინციდენტის მონაწილეთა ნაწილიც.

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ვეტერანი ძიუდოისტი, სოსო წელაური კი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

აღმაშენებლის გამზირიდან ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ორი დაშავებული, ლაშა ყიზილაშვილი და გრიშა გუმაშვილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათთან დასაკითხად იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.

მომხდარზე კომენტარი არც ფედერაციის წარმომადგენლებს, არც მათთან დაპირისპირებულ ძიუდოისტებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ისინი სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობენ.

შსს-ში კი ერთი პირის, ლომერ ჟორჟოლიანის, დაკავებას ადასტურებენ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

სოსო წელაურის დაჭრაზე კი გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები