ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საზოგადოების ზეწოლის შემდეგ დაიწყო, თუმცა გახარიას უწყებაში დღეს ბევრი დეტალი კონკრეტიკის გარეშე დატოვეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსს ბრიფინგზე არც ის დაუკონკრეტებია, რატომ არ დაკითხა საგამოძიებო უწყებამ განაჩენის გამოცხადებამდე ის პირები, რომლებთან დაკავშირებითაც უწყებას ეჭვი ჰქონდა, რომ ისინი მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ზეგავლენას ახდენდნენ.
მოკლული დავით სარალიძის მამა 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მოწმეებზე ზეწოლას და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ზეწოლის შედეგად ახდენდა, თუმცა გახარიას უწყებამ სუბელიანი მხოლოდ გუშინ დაკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლებრივი დევნა დაცვის მხარის მიმართაც დაიწყოს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოძიება იმ პირების მიმართაც მიმდინარეობს, რომლებიც სასამართლო განხილვებზე ზემოქმედებას ფინანსური დაინტერესების ან, სავარაუდოდ, გაყალბებული ექპერტიზის დასკვნებით ცდილობდნენ.
დაწყებული გამოძიების ფარგლებში „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი გარემოებების დასადგენად გამოძიება საქმეზე გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პირობა დადო, რომ საქმეს გახარიას უწყება პროკურატურის ჩართულობის გარეშე გამოიძიებს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას იურისტები პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ.