„დღეს ევროპული საქართველოს და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა, შევთავაზო საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გააკეთა.
დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის მიერ ახალი პროკურორის დახურულ კარს მიღმა შერჩევას აკრიტიკებს. ბაქრაძის განცხადებით, ზაზა სარალიძის მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და სწორედ ამიტომ სთავაზობენ დამატებით ინიციატივას.
„საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ საღამოს ქართული ოცნების ოფისში დაიწყო დახურული კონსულტაციები ახალი მთავრი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით და ეს არის ხელისუფლების და ქართული ოცნების პასუხი იმ ათობით ათას ადამიანებს, რომელიც თბილისის ქუჩებში აპროტესტებს უსამართლობას და ითხოვს სისტემის დანგრევას.
„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში, რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი. როგორც ჩანს, ხელისუფლების განზრახვაა, ახალი პროკურორი შეირჩეს ქართული ოცნების ოფისში დახურულ კარს მიღმა, შემდეგ მოწონებული იქნეს ე.წ. საპროკურორო საბჭოზე, რომელიც შედგება სწორედ პროკურატურის იმ ხელმძღვანელი პირებისგან, ვინც ქმნის ამ უსამართლო სისტემას, შემდეგ ეს ყველაფერი წავიდეს იუსტიციის მინისტრთან, რომელიც მისტირის და მადლობებს უხდის უკვე გადამდგარ მთავარ პროკურორს, შოთაძეს და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობის კენჭისყრით,“ - განაცხადა ბაქრაძემ.