21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
კამათი და დაპირისპირება პარლამენტში - დეპუტატებს ყველაზე მეტი შეკითხვა მინისტრებიდან თეა წულუკიანთან ჰქონდათ

მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს საკანონმდელო ორგანოში უსმენდნენ. დეპუტატებს ყველაზე მეტი შეკითხვა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ თეა წულუკიანთან ჰქონდათ. მან თავადვე არ გამორიცხა, რომ ეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის რანგში მისი ბოლო გამოსვლა იყოს.

წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მის შემცვლელს გამართულ საკანონმდებლო ბაზას უტოვებს და ასევე მიანიშნა, რომ, თუ მინისტრი არ იქნება, ბრძოლას მთავრობის მიღმაც გააგრძელებს.

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში თეა წულუკიანის იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები ვაჭრობაში დაადანაშაულა.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლების შემდეგ წულუკიანის უწყებას დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგეს, თანამდებობაზე ამ დრომდე არ აღუდგენიათ. საკომიტეტო მოსმენაზე მისულ სუბელიანსა და ახობაძეს შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, წულუკიანს აქებდა, კრიტიკის მოსმენა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ქართული ოცნებიდან მაინც მოუხდა. მასთან შეკითხვები დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ჰქონდა.

პარლამენტში დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმაც მიმართა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მას პარლამენტის წინაშე წარდგომა გარდამავალი მთავრობის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის დამტკიცებისასაც მოუწევს. გიორგი გახარიასგან ოპოზიცია პასუხს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკველელობის საქმის გამოძიებაზეც ითხოვდა.

ძალოვანი მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებთან შეხვედრისას ქართულ ოცნებას რამდენიმე წინადადებაც ჰქონდა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლევან იზორიასგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჯარში დეპუტატებისთვის დროებითი სამსახურის გავლა მოითხოვა. 

 

დღის ამბები