ერთი გარდაცვლილი და მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მეორე ახალგაზრდა. ცოტა ხნის წინ კლინიკაში 23 და 22 წლის ძმები გადაიყვანეს. ერთ-ერთი ახალგაზრდის გულის ამუშავება მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. მეორე ძმის სიცოცხლისთვის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
„კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა ერთი პაციენტი უგონო მდგომარეობაში და ერთი გვამი იქნა შემოტანილი. პაციენტს, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება - კვლევები, კონსულტაციები. ამ დროისთვის მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, კომატოზულ მდგომარეობაში. მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა რეანიმატოლოგმა ეკა ხუჭუამ.
რაც შეეხება ნივთიერებებს, რამაც ერთი ახალგაზრდის გარდაცვალება გამოიწვია, მეორე კი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ექიმების განცხადებით, პაციენტების ეს მდგომარეობა ტოქსიკური ეფექტის შედეგია.
„ცნობილია, რომ ეს არის დაუდგენელი სუფსტანციის ტოქსიური ეფექტი,“ - განაცხადა რეანიმატოლოგმა ეკა ხუჭუამ.
ძმები უგონო მდგომარეობაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახლობლებმა იპოვეს.