21 დეკემბერი 2024,   18:08
ვრცლად
არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს და პარლამენტში ვიგრძენი, რომ რეალური პრემიერმინისტრი არის ბატონი გახარია - ნიკა მელია პრემიერობის კანდიდატზე

„დამოკლეს მახვილი დაკიდა ბიძინა ივანიშვილმა მას, აბსოლუტურად სხვაგან არის,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ, გადაცემა არჩევანში პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეზე საუბრისას გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, მამუკა ბახტაძეს თავად გუნდის წევრები გააკრიტიკებენ.

„ადამიანი საუბრობს მხოლოდ ეკონომიკაზე, არადა, რომ მინდოდეს, დავუჯერო, რომ ეს ადამიანი მცოდნე, გამოცდილი, განათლებული, კარგი ეკონომისტი, ფინანსისტია, პრაქტიკაში რომ ვიხედები, რაც მან გააკეთა, ანუ ემპირიულად რა შედეგი დადო 2013 წლიდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით გაანახევრა შემოსავალი საქართველოს რკინიგზაში და ტვირთბრუნვა შემცირდა 50 პროცენტით, ამაზეც პასუხი არ ჰქონდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ შს მინისტრი აფგან მუხთარლის საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში დღევანდელ შეხვედრაზე მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ შს მინისტრი გახარია არის რეალურად პრემიერი, ვიდრე მამუკა ბახტაძე.

"არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს და მეტიც, ბატონი გახარია გვერდით ეჯდა და მე იქ ვიგრძენი, რომ რეალური პრემიერმინისტრი არის ბატონი გახარია. ადამიანი, რომელიც შემჩნეულია კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეებზე ხელის დაფარებაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან მის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდება შს მინისტრისგან  არგუმენტებს.

ნიკა მელია შს მინისტრს მის გატაცებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. მელიას თქმით, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, ის შს მინისტრის დავალებით დააკავეს.

"გახარიამ მიპასუხა სრულიად საპირისპირო, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ ამტკიცებს. თუკი ისევ ისე მოიქცევი, აუცილებლად ისევ დაგიჭერო და როდემდე დამიჭერს? ეს არის ნათელი დადასტურება, რომ პოლიტიკური დაკავება იყო. პოლიტიკური დავალების შემსრულებელი იყო თითოეული მათგანი. ვინ გასცემდა ამ ადმაინებზე ბრძალებას, თუ არა ბატონი გახარია," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები