21 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - 20:00 საათზე "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები დაიწყება

20:00 საათისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება. შეხვედრას პრემერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრებიან.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უნდა დაზუსტდეს მთელი რიგი საკითხები, რომელიც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს შეეხება, მათ შორის შესაძლოა, დასახელებული იქნას მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეების ვინაობაც.

არ არის გამორიცხული, ცვლილებები შეეხოს იმ უწყებებსაც, რომლებზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის კიდევ რამდენმე დღე იქნება საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე თუ ვინ დარჩება საბოლოოდ მთავრობაში, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატურაზე იმსჯელონ, მმართველ გუნდში არ ადასტურებენ.

„პერსონებზე საუბარი არ ყოფილა, მე დღესაც არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს პერსონებზე იქნება საუბარი. რამდენიმე საკითხი დარჩა აქტუალური სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დღეს უნდა გადავწყვიტოთ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ამ წუთებში მამუკა ბახტაძე მინისტრებს უკვე ხვდება. 

„ამჯერად მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის ფორმასთან და სტრუქტურასთან დაკავშირებით. საკადრო გადაწყვეტილებები არის სრულად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ხელმძღვანელმა თუ რომელი ადამიანი რომელ ფუნქციას შეესაბამება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები