ერთიანი ეროვნული გამოცდების ცხრილი შეიცვლა. აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება მხოლოდ დილის საათებში მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული შენიშვნის შემდეგ განათლების სამინისტრომ მაღალი ტემპერატურის გამო კონდიციონერების აუცილებლობა დაინახა.
მამუკა ბახტაძემ უწყებას საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების არარსებობის გამო შენიშვნა მისცა. მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე უწყებას პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება დაავალა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში პრობლემას აღიარებენ, თუმცა მაია მიმინოშვილს მისი მოუგვარებლობის საკუთარი მიზეზი აქვს - საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც სამინისტროს კომპეტენციაა.
ცენტრის ხელმძღვანელს ახსოვს განათლების ყოფილი მინისტრის დაპირება გასული წლის გამოცდების პერიოდში და უკმაყოფილოა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას დაპირება არ შესრულდა.
განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საგამოცდო ცხრილის შეცვალ ორი დღით ადრე აბიტურიენტებს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 2 ივლისს იწყება და წლის ყველაზე ცხელ დღეებს ემთხვევა.
ავტორი: ნათია ჟამერაშვილი.