ოჯახური ძალადობის ფაქტზე 6 თვეში 1328 პირი დააკავეს. განცხადება ოჯახური ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის რაოდენობა გაზრდილია.
"2018 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი. 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად მიახლოების აკრძალვის დარღვევაში გამოიხატება,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვეს.
სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.
მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზეც ისაუბრეს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.
მეზვრიშვილის თქმით, მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის; მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის.