მამუკა ბახტაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტების არაერთი შეკითხვის მიუხედავად, პრემიერს მისი წინამორბედის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე საუბარი არ სურს.
მამუკა ბახტაძემ დღეს ტყიბულის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
პრემიერი ამბობს, რომ ყველა შახტის საგამძიებო მოქმედებების სრულად დასრულებამდე დალუქული იქნება. ხელისუფლება ასევე დაელოდება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას სამუშაო ნორმების უსაფრთხოების შესახებ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ პერიოდში, მუშები ანაზღაურებას მიიღებენ.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო,“ - განაცხადა ბახტაძემ.