20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
"პოლიტიკურად მოტივირებული," "შერჩევითი სამართალი" - ოპოზიცია ქუმსიშვილისა და ალავიძის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს

ყოფილ მინისტრებთან კითხვები აქვს უმრავლესობას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გამოძიების პარალელურად დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ მათაც უნდა აუხსნან , ჰქონდა თუ არა ადგილი მათი თანამდებობაზე ყოფნის დროს უწყებებში საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვას. ოპოზიცია კი დაწყებულ გამოძიებას კვირიკაშვილის თანაგუნდელების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას უკავშირებს. გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტის 2 გავლენიან მინისტრს, ზურაბ ალავიძესა და დიმიტრი ქუმსიშვილს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არის რაღაცა ინფორმაციის მიღება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რა ტენდენციებია, არა იმიტომ რომ ვიღაცა დავადანაშაულოთ, არამედ  იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაც ჩვენ გვაქვს, ბოლომდე გავითავისოთ," - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მინისტრების დაბარება ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებს უკავშირდება და კორუფციის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერი პირი მაშინვე უნდა დასჯილიყო.

"გამოძიება კი არ უნდა მოჰყვებოდეს იმას, როცა პოლიტიკურად დამარცხდება ვინმე ივანიშვილის კარზე, პირიქით უნდა იყოს, კორუფციის შემთხვევაში უნდა მოხდეს მხილება, თუნდაც ეს იყოს შენი პოლიტიკური გუნდის წევრი. ჩვენ "ოცნების" და ივანიშვილის პირობებში ვხედავთ პირიქით ამბავს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკურად მოტივირებული მოქმედებები,"-აცხადებს გიგა ბოკერია.

მინისტრების საქმიანობაზე დაწყებულ გამოძიებას შერჩევით სამართალს უკავშირებენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქუმსიშვილის კვირიკაშვილის გუნდში ყოფნას არ პატიობს.

"არ პატიობენ იმას რომ კვირიკაშვილთან რაღაც პერიოდში მუშაობდა ან მეგობრობდა, ეს არის სელექციური, ანუ შერჩევითი სამართლის დანერგვა და ეს არის თითის დაქნევა ყველა სხვა მინისტრისთვის რომ ასეთი ბედი ეწევათ თუკი რაიმე უკმაყოფილება შეამჩნიეს," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები