04 დეკემბერი 2021,   22:16
ვრცლად
მუხთარლის საქმე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩის მკვლელობა - ომბუდსმენი არასწორად გამოძიებულ საქმეებზე საუბრობს

აფგან მუხთარლის საქმე, ხორავას ქუჩის მკვლელობა, არასწორად გამოძიებული საქმეები - ბოლო დროის გახმაურებული საქმეები ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. დეპუტატებმა დღეს სახალხო დამცველის მოხსენებას მოუსმინეს. ანგარიშში, რომელიც ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის და ციხეებში ძალადობის ფაქტებიც მოხვდა.

ცალკე თავი დაეთმო სახალხო დამცველის ანგარიშში „რუსთავი2“-ის საქმესაც, სადაც ნათქვამია, რომ საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

დოკუმენტში მოხვდა ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც, რომელთან მიმართებაში ომბუდსმენმა პირველად გამოიყენა ტერმინი-სიცოცხლის დაცვის უფლება.

„ჩვენ ყველა ვართ ინფორმირებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს სწორი და ადეკვატური რეაგირება, რაც გამოიხატება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად განხორციელებაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა კითხვაზე პასუხი და სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით არის მზად, რომ იყოს შუამავალი საგამოძიებო ორგანოებსა და გარდაცვლილის ოჯახს შორის,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზეც ისაუბრა. სახალხო დამცველის თქმით, საქმე სრულყოფილად არ იქნა გამოძიებული და ამასთან, დანაშაულთან დაკავშირებული გარკვეული პირები არ მიეცნენ პასუხისგებაში.

„რა თქმა უნდა მე მინდა შევეხო ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და მისი გამოძიების მიმდინარეობს. გამოძიების ეტაპზე ნამდვილად არ განხორციელებულა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო და რომლებიც იქნებოდა გონივრული, დროული, ეფექტური და აუცილებელი. არ მიეცნენ გარკვეული პირები პასუხისგებაში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულის ჩადენასთან,“-განაცხადა ომბუდსმენმა. 

დღის ამბები