23 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტის მუქარა და ლავროვის უწყების სამშვიდობო გზავნილი - ოფიციალური თბილისი მოსკოვს პასუხობს 

რუსეთის პრეზიდენტის ზედიზედ მეორე აგრესიული განცხადება და საგარეო უწყების სამშვიდობო გზავნილი - ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება კრიტიკული ზღვარია.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შედეგებზე პასუხისმგებლობა დასავლეთმა უნდა აიღოს და მოსკოვს ალიანსის საზღვრებთან მიახლოებაც კი აღიზიანებს.

რუსეთის პირველი პირის მუქარას საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი პასუხი მოჰყვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში წერია, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

რუსეთის ლიდერის მუქარას წინ უძღოდა გზავნილები რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. „რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლავროვის უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ პოლიტიკოსებს დასავლეთის გავლენებისგან გათავისუფლება და პრაგმატული არჩევანის გაკეთება ურჩია.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვი მზად არის ყველა შეზღუდვა მოხსნას, თუ საქართველოს ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნება.

თბილისმა მოსკოვისგან ახალი გზავნილები ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ მიიღო. პარლამენტში წარდგენილ მამუკა ბახტაძის საგარეო სტრატეგიაშიც წერია, რომ მთავრობას მოსკოვთან რაციონალური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

გზავნილებს მთავარ ადრესატს, პრემიერ ბახტაძეს დღეს მოსკოვისთვის არ უპასუხია. საქართველოს ხელისუფლების სახელით განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. ზურაბ აბაშიძე მოსკოვს სრულმასშტაბიანი ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობას უყენებს.

პროვოკაციული კი ოპოზიციისთვის თავად მარია ზახაროვასა და პუტინის განცხადებებია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მოსკოვიდან მიღებული ხელახალი მუქარის და გაფრთხილების საპასუხოდ საქართველომ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები