სვანეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ხაიშში ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა სამართალდამცველების პირისპირ რჩება და მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ.
ადგილზე რამდენიმე ასეული პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ამ დროისთვის შექმნილი ვითარების გამო გადაკეტილია მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის გზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.
„რას გვერჩიან ამ დაზარალებულ ხალხს, პასუხი გაგვცენ. ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის. გვაბრალებენ ხე-ტყეს. არ გვინდა ხე-ტყე, მოგვეცით განვითარების ალტერნატიული საშუალება, ხე-ტყეს ხელს არავინ მოჰკიდებს,“- აცხადებენ ადგილობრივები.
სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.